ჭავჭავაძის 15 ნომერში, კომპანია „ზეგ“-ის ოფისში, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი შევიდა.
მან „ფორმულას“ კითხვებს არ უპასუხა, თუმცა ცნობილია, რომ ადგილზე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება იგეგმება.
შსს-ს წარმომადგენლის მისვლამდე ოფისში კომპანიის თანამშრომელი თამარ კობერიძე მივიდა. მან მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ გარდაცვლილთან ბოლო კონტაქტი რამდენიმე დღის წინ ჰქონდა, როდესაც დაბადების დღე მიულოცა. მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას გეგმავდა, თუმცა რა მიზეზით, ეს მისთვის უცნობია. თამარ კობერიძე ამბობს, რომ გარდაცვლილს კონფლიქტი არავისთან ჰქონია.
რაც შეეხება ბაჩალიაშვილის მეორე სამსახურს, კობერიძემ აღნიშნა, რომ მას ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.
„ჩვენ დავუყენეთ საკითხი - აპირებდა იქ დარჩენას, თუ ჩვენთან და ესეც გვქონდა განხილული. გადაწყვიტა, რომ წასულიყო, მაგრამ საბოლოოდ არ წასულა. ძალიან მორიდებული, კარგი გოგო იყო, არანაირ პრობლემაში და კონფლიქტში არავისთან არ იყო. სამსახურიდან, ვიცოდი, რომ შეიძლებოდა წასულიყო, რადგან ბოლო პერიოდში არაერთხელ გაჟღერდა ის, რომ ორ სამსახურში მუშაობდა, სწავლობდა და ბევრი დრო არ ჰქონდა, შესაბამისად ჩემთვის სიურპირიზი არ იყო“, - განაცხადა თამარ კობერიძემ.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი სამძებრო სამუშაობის შემდეგ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში, გარდაცვლილი იპოვეს. არც ადგილობრივებს და არც ოჯახს არ აქვს ინფორმაცია, რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ბაჩალიაშვილს თეთრიწყაროსთან.